თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ცენტრი იწყებს ფუნქციონირებას
01.06.2025 23:22
191
საზოგადოება
A
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ცენტრი იწყებს ფუნქციონირებას

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ცენტრი იწყებს ფუნქციონირებას. ცენტრი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების ჰარმონიული ფსიქიკური და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობას.

თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ტიკურიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ცენტრი, რომელიც თეთრიწყაროს  სოფელ ფარცხისში გაიხსნა, ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში იმ ბავშვების მხარდასაჭერად შეიქმნა, რომლებიც ადრეულ ასაკში განვითარების შეფერხებას განიცდიან. მისი თქმით, ცენტრი არ არის მხოლოდ შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი – იგი ასევე მოიცავს შესაბამისი სერვისის მიწოდებას იმ ბავშვებისთვისაც, რომლებსაც განვითარების  ადრეულ ეტაპზე სპეციალური ინტერვენცია ესაჭიროებათ.

"თეთრიწყაროს სოფელ ფარცხისში გაიხსნა თეთრიწყაროს განვითარების ცენტრი, რომელიც აშენებულია ახლადრეაბილიტირებული და აშენებული საბავშვო ბაგა-ბაღის ბაზაზე. ეს სივრცე გამოყოფილია სპეციალურად ამ ცენტრის ფუნქციონირებისთვის. იგი განკუთვნილია სწორედ იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც შესაბამისი საჭიროებები გააჩნიათ ადრეულ ასაკში. აღსანიშნავია, რომ ცენტრი მხოლოდ შშმ ბავშვებს არ ითვალისწინებს, ის მოიაზრებს ადრეულ ასაკში განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების მხარდაჭერასაც", - ამბობს ნინო ტიკურიშვილი.

ცენტრი გათვლილია 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებზე, თუმცა ძირითადად 0-3 წლამდე ბავშვებისთვის ინტერვენცია ხდება შინ. როგორც განმარტავენ,   იმ შემთხვევაში, თუ ბაღში სკრინინგის პროცესის შედეგად გამოიკვეთება ინტერვენციის საჭიროება, მუშავდება ინდივიდუალური განვითარების გეგმა. ამ გეგმის შესაბამისად, ინტერვენციონისტი ადგენს სამუშაო გრაფიკს და წყვეტს, თუ როგორი ჩარევა უნდა განხორციელდეს და სად უნდა მოხდეს - შინ, სახლში, ბაღში თუ თავად ცენტრში.  

 

პირველ ეტაპზე – 20 ბავშვი და სამომავლო  გაფართოება

ცენტრი საწყის ეტაპზე ცენტრი 20 ბავშვის მომსახურებას შეძლებს, თუმცა მომავალში, რეგისტრაციასთან დაკავშირებული რიგი საკითხების მოგვარების შემდეგ, შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ბავშვის მიღება.     

"ცენტრი საწყის ეტაპზე 20 ბავშვზეა განკუთვნილი, რადგან  მიმდინარეობს მომწოდებლად რეგისტრაციის პროცესი.როცა მივიღებთ ყველა საჭირო ნებართვას, უფრო მეტად გავაფართოვებთ. ახლა ჯერჯერობით, მთავარი  რაც გავაკეთეთ ამ პროექტის ფარგლებში,  არის ის, რომ მოვაწყეთ სივრცე,  ასევე გადავამზადეთ ის სპეციალისტები, რომლებიც აუცილებელია ცენტრის  ფუნქციონირებისთვის. ამ პროცესებში ვართ და იმედია უახლოეს მომავალში გვექნება  ოფიციალური თანხმობა და ცენტრი ოფიციალურად ამუშავდება", -ამბობს ნინო ტიკურიშვილი. 

 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის პროექტის ფარგლებში CENN-მა ქვემო ქართლის რეგიონში განახორციელა 6 ინიციატივა, რომლებიცაა:

თეთრიწყაროს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ცენტრი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი);

ახალგაზრდების ჩართულობა სოციალური სერვისების გაუმჯობესებაში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი);

ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი შშმ ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მათთვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომების გაზრდის გზით;

ოჯახში მარტოდ მცხოვრები და შშმ ბავშვების მშობლების/მზრუნველების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება (წალკის მუნიციპალიტეტი);

დღის ცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტში (დმანისის მუნიციპალიტეტი);

თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი (დმანისის მუნიციპალიტეტი).

ŞƏRH YAZ
0