ქვემო ქართლის მედია ორგანიზაციები -
15.10.2024 20:05
395
საზოგადოება
A
ქვემო ქართლის მედია ორგანიზაციები - "Aktual.ge", "24News.ge" და "Interpress.ge" ცესკოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ქვემო ქართლის მედია ორგანიზაციები -  "Aktual.ge", "24News.ge" და "Interpress.ge"  ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ისინი ცესკოს მოუწოდებენ, საარჩევნო საინფორმაციო კამპანიის წარმოება საქართველოს აზერბაიჯანელებისთვისაც უზრუნველყონ და აზერბაიჯანულ ენებზეც მოხდეს მათთვის საინფორმაციო მასალების გადაცემა.

განცხადებას Aktual.ge წარმოგიდგენთ  უცვლელად:                          

 "არჩევნებამდე დაახლოებით 10 დღე დარჩა, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ეთნიკურ უმცირობათა ენებზე საინფორმაციო აქტივობებს არ ატარებს.  წელს არჩევნების 90%-ზე მეტი ელექტრონული ფორმით ჩატარდება, თუმცა რეგიონში ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდმა ნაწილმა  აღნიშნული სიახლის შესახებ არ იცის  და ამ თვალსაზრისით, ინფორმაციული მასალების პროპაგანდირება ჯერაც არ მიმდინარეობს. ასევე, მათი მხრიდან არც ადგილობრივ  მედია ორგანიზაციებთან ხდება თანამშრომლობა.   

გასული წლების განმავლობაში, ქვემო ქართლში ეთნიკურ აზერბაიჯანელთა ინფორმირების თვალსაზრისით  ადგილობრივმა მედია ორგანიზაციებმა დიდი როლი შეასრულეს. დღეს აღნიშნული მედია ორგანიზაციები საქართველოს ათასობით აზერბაიჯანელს ყოველდღიურად აწვდიან ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რაც ხელს უწყობს ინტეგრაციული პროცესების განვითარებას. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ მათთან თანამშრომლობს რამდენიმე ავტორიტეტული ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია და სწორედ მათი მეშვეობით აცნობენ ადგილობრივ აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას საარჩევნო კამპანიების შესახებ.

არჩევნების პროპაგანდა და საინფორმაციო კამპანიის წარმოება, მათ შორის ელექტრონული ხმის მიცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ცესკო-ს ვალდებულებაა. თუმცა ის ამ ეტაპზე, ამ მხრივ  მომუშავე, ადგილობრივ მედია ორგანიზაციებთან არ თანამშრომლობს. 
 ჩვენი დაკვირვებით, ცესკო მხოლოდ ცენტრალურ მედიებთან თანამშრომლობს. ამ სიტუაციას დისკრიმინაციად მივიჩნევთ და ცესკოს მოვუწოდებთ, რომ ითანამშრომლოს ადგილობრივ მედია ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს არჩევნებთან დაკავშირებული სიახლეების გავრცელება ადგილობრივი აზერბაიჯანელებისთვის".


აღნიშნულ განცხადებას სამივე ადგილობრივი მედია ორგანიზაცია აწერს ხელს:

Aktual Media - Aktual.ge

Lider Media - 24News.ge

"Supta Ambavi"  - Interpress.ge

ŞƏRH YAZ
0