თურქეთმა აშშ-დან დაბრუნებული 100 არტეფაქტი წარადგინა -  სტამბოლში ბუბონის ქანდაკებების გამოფენა გაიხსნა
Bugün
14
საზოგადოება
A
თურქეთმა აშშ-დან დაბრუნებული 100 არტეფაქტი წარადგინა - სტამბოლში ბუბონის ქანდაკებების გამოფენა გაიხსნა

თურქეთმა აშშ-დან დაბრუნებული 100 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი წარადგინა. მათი პრეზენტაცია სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებაზე თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ ასევე გახსნა გამოფენა სახელწოდებით „No Way Out: Boubon“, რომელიც თურქეთის უძველესი ქალაქ ბუბონიდან სხვადასხვა ქვეყანაში უკანონოდ გატანილ არქეოლოგიურ ნივთებს ეძღვნებოდა.

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის  სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის მაისში თურქეთმა აშშ-ში კულტურული მემკვიდრეობის ნივთების უკანონო გაყიდვის აღკვეთა შეძლო. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ამერიკულმა აუქციონის სახლმა ანატოლიიდან გატანილი არქეოლოგიური ნივთების გაყიდვა დააანონსა, თურქეთის კულტურის სამინისტრომ მანჰეტენის პროკურატურასა და აშშ-ის შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახურს მათი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სამეცნიერო მასალები მიაწოდა. შედეგად, აუქციონი შეჩერდა და ნივთები თურქეთს დაუბრუნდა.

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის  მინისტრის,  მეჰმეთ ნური ერსოის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაბრუნება მხოლოდ ნივთების მუზეუმებში განთავსებას არ გულისხმობს.  მნიშვნელოვანია მათი ისტორიისა და კულტურული მნიშვნელობის წარმოჩენაც. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის შესაბამის უწყებებს, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ავიაკომპანია Turkish Airlines-ს, რომლებმაც ნივთების დაბრუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

რა ნივთები დაუბრუნდა თურქეთს?

დაბრუნებულ არტეფაქტებს შორისაა თოქათის პროვინციის ჰოროზთეფეს დასახლებიდან გატანილი 40 ნივთი, რომლებიც ძვ. წ. 2300–2000 წლებით თარიღდება. მათ შორისაა უძველესი მუსიკალური საკრავები, იარაღი და ლითონის ჭურჭელი. ეს ნივთები თურქეთიდან დაახლოებით 70 წლის წინ გაიტანეს.

კიდევ 44 ნივთი ბურდურის პროვინციის დუვერის დასახლებიდანაა. ეს არის თიხის ფილები, რომლებსაც ძველად შენობების სახურავებისა და კედლების მოსაპირკეთებლად იყენებდნენ. ისინი ძვ. წ. VI საუკუნით თარიღდება. მათი დაბრუნებით დასრულდა ამ კოლექციის სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ნაწილების თავმოყრის პროცესი. ბოლო ექსპონატები ლოს-ანჯელესის ჯ. პოლ გეტის მუზეუმიდან დააბრუნეს.

 

თურქეთს ასევე დაუბრუნდა აიდინის პროვინციაში მდებარე უძველესი ქალაქ აფროდისიასიდან გატანილი პორტრეტი, თეატრალური ნიღბები და ქალღმერთების მცირე ქანდაკებები.

 ბუბონის უძველესი ქანდაკებები სტამბოლში კვლავ ერთად გამოიფინა

სტამბოლში გახსნილი გამოფენის მთავარი ნაწილი ბურდურის პროვინციაში მდებარე უძველესი ქალაქ ბუბონიდან გატანილი ბრინჯაოს ქანდაკებებია. ქანდაკებები 1960-იან წლებში, უკანონო გათხრების შედეგად, დააზიანეს და მათი ნაწილები სხვადასხვა ქვეყანაში გაიტანეს. ისინი თავდაპირველად რომის იმპერატორებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის აგებულ საკურთხეველში, სებასტეიონში იყო განთავსებული.

წლების განმავლობაში ქანდაკებების ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში ინახებოდა. მკვლევრებმა სამეცნიერო კვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ ეს ნაწილები ერთმანეთს ეკუთვნოდა. შედეგად, მათი თავები, ტორსები და კიდურები კვლავ გააერთიანეს. გამოფენაზე წარმოდგენილია რომის იმპერატორების -ლუციუს ვერუსის, სეპტიმიუს სევერუსის, კარაკალასა და მარკუს ავრელიუსის ბრინჯაოს ქანდაკებები.

აღსანიშნავია, რომ ბუბონში არქეოლოგიური გათხრები 2023 წელს განახლდა და ამჟამად ბურდურის არქეოლოგიური მუზეუმის კოორდინაციით მიმდინარეობს.

ŞƏRH YAZ
0