აზერბაიჯანმა საქართველოს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა
Bugün
114
პოლიტიკა
A
აზერბაიჯანმა საქართველოს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა

საქართველოს ტერიტორიიდან ტრანზიტით მოძრავი აზერბაიჯანული სატვირთო ავტომობილების (TIR) მძღოლები აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში საბაჟო პუნქტებზე არიან შეჩერებული და გადაადგილების ნებართვის მოლოდინში იმყოფებიან. მათი თქმით, მათთვის არ განუმარტავთ, თუ  რა გახდა შეჩერების მიზეზი.

Aktual.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო „Report“ სატვირთო ავტომობილების მძღოლებზე დაყრდნობით წერს.

მძღოლების განცხადებით, პრობლემები ძირითადად „სარფისა“ და „წითელი ხიდის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ასევე თბილისში მდებარე საბაჟო გაფორმების ცენტრში შეიქმნა. მათი თქმით, ხანგრძლივი ლოდინის მიუხედავად, მათ არ მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა პროცედურების გავლა ან დამატებითი დოკუმენტების წარდგენაა საჭირო გადაადგილების გასაგრძელებლად.

მძღოლები ასევე საუბრობენ საბაჟოს თანამშრომლების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებაზე და აცხადებენ, რომ კითხვებზე პასუხად ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ ლოდინისკენ მოუწოდებენ, პრობლემის მიზეზის დაზუსტების გარეშე.

მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ საკითხი კონტროლზეა აყვანილი.  საელჩოს განცხადებით, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ნოტა გადაეგზავნა. საკითხის განხილვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად მიმდინარეობს.

ŞƏRH YAZ
0