თბილისში, 21 სექტემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ბიუსტის დაზიანების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ Aktual.ge-ის შეკითხვის საპასუხოდ განმარტება გააკეთა.
უწყებაში Aktual.ge-ს განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, ქონების დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს.
„21 სექტემბერს თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქემ ჰეიდარ ალიევის ბიუსტი დააზიანა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო გამოძიება და ერთი პირი დააკავა“, - განაცხადეს შსს-ში.
ცნობისთვის, მანამდე აღნიშნულ საკითხზე Aktual.ge-სთან კომენტარი, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა, ფაიგ გულიევმა გააკეთა.
დიპლომატის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.