სკოლის დირექტორი აქტივისტ სამირა ბაირამოვას მიერ  წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს
12.10.2023 20:28
922
საზოგადოება
A
სკოლის დირექტორი აქტივისტ სამირა ბაირამოვას მიერ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს

„სკოლის დირექტორმა დამალა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოკლული 14 წლის გოგონა დაინიშნა".

ამის შესახებ აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

 მისი თქმით, მაშინ, როცა 14 წლის გოგონა გაათხოვეს, სკოლის დირექტორმა ხმა არ ამოიღო და არ მიმართა შესაბამის ორგანოებს, რადგან ადრე თავადაც არასრულწლოვანზე, საკუთარ მოსწავლეზე იყო დაქორწინებული.


 „აიტაჯი დაუნიშნებიათ  2022 წლის დეკემბერში. 2023 წლის ივნისში ის სულ ორი დღე იყო მისული სკოლაში. რომ დანიშნეს, დედამისი მისულა სკოლაში და უსაუბრია დირექტორთან, რომელიც წლების განმავლობაში აიტაჯის გარდა, სხვა გოგონებზეც "ზრუნავდა".  ის არაერთხელ დამუქრებია სკოლის მასწავლებლებს სკოლიდან გარიცხვით იმ მიზეზით, რომ ვინც არ დადიოდა სკოლაში, მათთვის ნიშანი მაინც დაეწერათ.  2015 წელს ჰამლეტმა ცოლად მოიყვანა თავისი 15 წლის მოსწავლე. მაშინ თურმე ჰამლეტის საქმესთან და სხვებთან დაკავშირებით, ვინც არასრულწლოვნებთან აპირებდა დაქორწინებას, შსს-სთვის მიუმართავთ. ჰამლეტის გარდა კი ყველა დაუჯარიმებიათ. რაც შეეხება აიტაჯის მამას, ის საკუთარი შვილის მკვლელობაში ყოფილ მეუღლესა და სკოლის დირექტორს ადანაშაულებს", - აღნიშნავს სამირა ბაირამოვა საკუთარ Facebook გვერდზე.

საინფორმაციო პორტალი Aktual.ge  დმანისის ზემო  ყარაბულაღის საჯარო სკოლის დირექტორს ჰამლეტ ისმაილოვს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ სამირა ბაირამოვას მიერ წაყენებული ბრალდებები არის ცრუ და იგი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც დირექტორმა აღნიშნა, იგი შესაბამის ზომებს აუცილებლად მიიღებს.


  „მას შემდეგ, რაც აიტაჯმა 20 სექტემბერს გაკვეთილები გააცდინა, მის ოჯახთან ვცადეთ დაკავშირება, თუმცა მათი ტელეფონები გათიშული იყო. ვინაიდან მისი ძმა ამავე სკოლაში სწავლობდა, მას ვუთხარით. ძმის შემდეგ მშობელსაც დაველაპარაკეთ, ანუ სკოლის მხრიდან რაც იყო საჭირო, ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია არც მისი გატაცების და არც დანიშვნის შესახებ. რაც შეეხება აიტაჯის სასკოლო შეფასებებს, რომ ვითომ არმოსვლის მიუხედავად ნიშანი ეწერებოდა, სავსებით ტყუილია", - განაცხადა ჰამლეტ ისმაილოვმა.

ŞƏRH YAZ
0