„Mamed GAS“-ის ხელმძღვანელი ნარიმან ალაჰვერდიევი აცხადებს, რომ ყიზილაჯლოში ბუნებრივი აირის ხუთდღიანი შეწყვეტის გამო კომპანია საკომპენსაციო დავას იწყებს. მისი თქმით, კომპენსაცია უნდა გადაუხადონ როგორც მოსახლეობას, ისე კომერციულ ობიექტებს, ხოლო მომხდარზე პასუხისმგებელი პირების მიმართ სამართლებრივი ზომების გატარებასაც არ გამორიცხავს.
„ყიზილაჯლოს მოსახლეობას ხუთი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა. მოვითხოვთ, რომ ამ ზარალის სანაცვლოდ კომპენსაცია გადაიხადონ. თითოეულ ჩემს სოციალურ აბონენტს ხუთდღიანი გათიშვისთვის დღეში 1 000 ლარის, ჯამში 5 000 ლარის კომპენსაცია უნდა ჩაერიცხოს, ხოლო კომერციულ ობიექტებს – დღეში 3 000 ლარის, ანუ მთლიანობაში 15 000 ლარის.
კომპენსაციის გადახდა უნდა უზრუნველყონ „SOCAR Gas Export-Import“-მა და სემეკმა. ვიდრე სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, არავის აქვს უფლება გაზმომარაგება თვითნებურად შეუწყვიტოს.
ამ საკითხზე უკვე ვისაუბრე მთავარ პროკურორთან. ვიწყებთ საკომპენსაციო დავას და მოვითხოვთ, სრულად აგვინაზღაურონ მიყენებული ზარალი. გარდა ამისა, ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამ საქმეში პასუხისმგებელია, ცალკე სამართლებრივ დავასაც დავიწყებთ.
აანაზღაურონ ეს 10 მილიონამდე ლარი და მე მზად ვარ, ამ თანხით ყიზილაჯლოში სამი თვის განმავლობაში მოვაწესრიგო და მოვაგვარო ის პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს. აღვადგენ ინფრასტრუქტურას, აღმოვფხვრი ელექტრომომარაგების პრობლემებს, შევაკეთებ გზებს და შევასრულებ ყველა აუცილებელ სამუშაოს.
რაც შეეხება სემეკის განცხადებას , კანონი ამის უფლებას არ აძლევს. არავის აქვს უფლება ჩაერიოს კერძო საკუთრებაში. ეს გაზის სისტემა კერძო ინვესტიციით არის შექმნილი და სახელმწიფოს მისი მართვის უფლება არ აქვს.
სემეკის ფუნქცია კერძო კომპანიის მართვა კი არა, ბუნებრივი აირის ტარიფების რეგულირება და ფასების ზრდის კონტროლია. სწორედ ამ მიმართულებით უნდა მოქმედებდეს. სახელმწიფო გაზგამანაწილებელი სისტემების კონტროლი მათი კომპეტენციაა, მაგრამ კერძო ბიზნესსა და კერძო ინვესტიციით შექმნილ გაზის ქსელში ჩარევის უფლება კანონით არ გააჩნიათ.
ჩემი შემდეგი ნაბიჯიც იქნება, რომ მოვითხოვო, „SOCAR“-მა ჩემს 332 აბონენტს ყიზილაჯლოში 2017 წლიდან დღემდე მათ მიერ გადახდილი თანხები გადაუმოწმოს და, ზედმეტად გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნოს. ამ მოთხოვნასაც სამართლებრივი გზით დავაყენებ,"-აცხადებს ნარიმან ალაჰვერდიევი.